შსს: აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.

საერთო ჯამში აქციებზე დაკავებული 133 პირიდან, 132 თავისუფალია, ერთი პირი კი პატმრობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რჩება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, ხოლო დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი - 2001 წელს დაბადებული თ.ა.“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე.

„7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება.

ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.