აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ თბილისში განვითარებულ პროცესებს.
პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია და აშშ მხარს უჭერს მათ ამ მისწრაფებას.
„ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად განაცხადა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.
დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.
მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
მისივე თქმით, უკვე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქართველი ხალხი მკაფიოდ აფიქსირებს, რომ მათი სურვილია, მიაღწიონ დემოკრატიულ, აყვავებულ საქართველოს, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეშია ინტეგრირებული.
„აშშ გააგრძელებს პარტნიორობას ამ მისწრაფებების მიმართულებით“, - აღნიშნა პრაისმა.
გუშინდელი ბრიფინგიდან