პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომა 11:45 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც 12:00 საათზე პლენარული სხდომა ჩატარდება.
დღის წესრიგში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა, რომელსაც როგორც "ქართულ ოცნებაში" დღეს ითქვა, კენჭისყრაზე ჩააგდებენ.
ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები.
უკვე 9 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. საელჩომ დაჟინებით მოუწოდა მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას.
შეგახსენებთ, 7-8 მარტს სპეცრაზმი აქციის მონაწილეტა დაშლას ცდილობდა, თუმცა რუსთაველზე პროტესტი არ შეწყვეტილა.