7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიდან ხუთი მათგანი გადის ამ დრომდე მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. აქვთ მძიმე დაზიანებები, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქვთ დამწვრობები და სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გაჰყვებათ“, - აღნიშნა კუპატაძემ.
ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.