საქართველოს პარლამენტთან აქცია დასრულებულია. 10 მარტს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი ჩააგდო. პარალელურად მიმდინარეობდა აქცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პროტესტში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები. ისინი პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ.
აქციის მონაწილეების დღევანდელი მოთხოვნა, აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება იყო.
ამასთან, შენობის წინ სცენისა და ტექნიკური მოწყობილობების დემონტაჟი მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი ქმედებებისა და ბრძოლის შედეგია, რომ დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
„ეს არის ჩვენი, ხალხის გამარჯვება. 06:00 საათამდე ვრჩებოდით, ბევრჯერ გვშლიდნენ, თუმცა ვბრუნდებოდით საერთო ევროპული და ეროვნული იდეით. ამ პროტესტის მთავარი მოთხოვნა იყო კანონპროექტის ჩაგდება, თუმცა ჩვენი განწყობაა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ გრძელვადიან კამპანიას 12 პუნქტზე. პერიოდულად აქციებითა და სხვა ფორმებით ვიმუშავებთ, რომ 12 პუნქტი აუცილებლად შესრულდეს და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარ ჯაყელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
შეგახსენებთ, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.