ხვალ, საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას უყრის კენჭს. აღნიშნულ სხდომას პარტია "მოქალაქეების" ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანიც დაესწრებიან.
როგორც ცნობილია, დასწრების მიუხედავად, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერენ.
ცნობისთვის, 51 ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, 2 თებერვალს შეუწყდებათ. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ.
ამ დროისთვის პარლამენტში შესვლას ორი ოპოზიციური პარტიის 6 დეპუტატი დათანხდა. პარტია "მოქალაქეებიდან"- ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და კიდევ ოთხი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ.