არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ აცხადებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას ვეღარ ხედავენ.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 2015 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდნენ საქართველოს პარლამენტთან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმართულებით.
მიიჩნევენ, რომ 2015 წლიდან საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი ლიდერი OGP-ში. ამ პერიოდში, საპარლამენტო ღიაობის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რომელთა მონაწილე და მთავარი ინიციატორიც იყო სამოქალაქო საზოგადოება.
„ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია მუშაობა სამი მოწვევის პარლამენტარებთან.
ღია მმართველობაზე მუშაობის პროცესი იყო თანამშრომლობითი ფორმატის, მასში მონაწილეობდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე ოპოზიცია, მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები იყვნენ ყველა ფრაქციის წარმომადგენლები. საპარლამენტო ღიაობის პროცესში მიღწევებიც ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია.
მაშინ, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები თანამშრომლობენ საპარლამენტო უმრავლესობასთან, მხარს უჭერენ და ფინანსურ დახმარებას უწევენ პარლამენტს რეფორმების განხორციელებაში, საპარლამენტო უმრავლესობამ ინიცირება გაუკეთა რუსეთში არსებული კანონის მსგავსი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონს, რომლის მიზანი იყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების იძულება დარეგისტრირდნენ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეესტრში“, მათი სტიგმატიზება და საზოგადოებაში დისკრედიტირება, მათი კონტროლი, საბოლოო ჯამში კი მათი საქმიანობის შეზღუდვა და გაუქმება.
აღნიშნული კანონპროექტის მიმართ გამოითქვა მკაცრი კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს კანონი შეფასდა, როგორც შეუთავსებელი ევროპულ ფასეულობებთან და პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო სექტორს და რაც მთავარია, ცხადად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, საპარლამენტო უმრავლესობამ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მაინც დაუჭირა მხარი. მართალია, კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დღიანი სახალხო პროტესტის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ მათ ნათლად დაადასტურეს რომ ისინი რჩებიან რუსული კანონპროექტის პრინციპების ერთგულნი და, სამომავლოდ უფრო აქტიურად გააგრძელებენ საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიას კანონპროექტის მხარდასაჭერად.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები ვეღარ ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და ვაჩერებთ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში.
საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) - საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)“, - ნათქვამია განცხადებაში.