„მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია, ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანს შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს გამოცემა The Hill-ის ჟურნალისტი.
მისი ინფორმაციით, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს და ჯეიკ სალივანს ჰქონდათ შესაძლებლობა, განეხილათ ბოლო მოვლენები, მათ შორის სადავო კანონმდებლობის წინააღმდეგ პროტესტი. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა „ძლიერი შეშფოთება, რომ ეს კანონმდებლობა დამაზიანებელ გავლენას მოახდენდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე“.
„მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია, ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, - განაცხადა კირბიმ და აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი რეფორმა.
„ჯეიკ სალივანმა ნათლად განუცხადა პრეზიდენტს, რომ ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მათთან ამაზე მუშაობა“, - განაცხადა ჯო კირბიმ.
პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.