„ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა (76 მომხრე - 13 წინააღმდეგი) სადავო კანონპროექტს, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ იყო ინიცირებული. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.
კანონპროექტს მხარი დაუჭირეს შემდეგმა დეპუტატებმა:
- გიორგი ამილახვარი;
- გია ბენაშვილი;
- ირაკლი ბერაია;
- ირაკლი (დაჩი) ბერაია;
- რამინა ბერაძე;
- მაია ბითაძე;
- ანზორ ბოლქვაძე;
- ელისო ბოლქვაძე;
- მაკა ბოჭორიშვილი;
- ბექა დავითულიანი;
- ალექსანდრე დალაქიშვილი;
- ზაურ დარგალი;
- ისკო დასენი;
- ზაალ დუგლაძე;
- გოჩა ენუქიძე;
- გიორგი ვოლსკი;
- ირმა ზავრადაშვილი;
- ირაკლი ზარქუა;
- არჩილ თალაკვაძე;
- ედიშერ თოლორაია;
- ფრიდინ ინჯია;
- რატი იონათამიშვილი;
- დავით კაჭარავა;
- ლადო კახაძე;
- გიორგი კახიანი;
- კახა კახიშვილი;
- პაატა კვიჟინაძე;
- ბაია კვიციანი;
- სუმბატ კიურეღიანი;
- ირაკლი კობახიძე;
- ლევან კობიაშვილი;
- რესან კონცელიძე;
- მარიამ ლაშხი;
- ლომინაძე ზაზა;
- მათიკაშვილი დავით;
- მანუკიანი სამველ;
- მაჭარაშვილი გურამ;
- მგალობლიშვილი ლევან;
- მდინარაძე მამუკა;
- მეზურნიშვილი ირაკლი;
- მენაღარიშვილი მაია;
- მეშველიანი გოგი;
- მირზოევი სავალან;
- მიქანაძე გივი;
- მიქელაძე ზაალ;
- ობოლაშვილი ანტონ;
- ოდიშარია ბექა;
- ოხანაშვილი ანრი;
- პაპუაშვილი შალვა;
- სამხარაული გელა;
- სამხარაძე დიმიტრი;
- სამხარაძე ნიკოლოზ;
- სანიკიძე ვიქტორ;
- სარჯველაძე მიხეილ;
- სეფაშვილი ეკა;
- სონღულაშვილი დავით;
- სოზარ სუბარი;
- ალექსანდრე ტაბატაძე;
- ნოდარ ტურძელაძე;
- ქადაგიშვილი ირაკლი;
- ქარუმიძე ლევან;
- ღუდუშაული ალუდა;
- ყაველაშვილი მიხეილ;
- შატაკიშვილი ირაკლი;
- ჩანქსელიანი გოდერძი;
- ჩიგოგიძე ვასილ;
- ჩიქოვანი ირაკლი;
- ცაგარეიშვილი გიორგი;
- წაქაძე ბეჟან;
- წილოსანი ნინო;
- წილოსანი ხატია;
- წაწავა გრეტა;
- ჭიჭინაძე გივი;
- ხაბარელი შოთა;
- ხუნდაძე დიმიტრი;
- ვიქტორ ჯაფარიძე.
უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს.
პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს პარლამენტთან.
შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც.
ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.
28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.
2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.
ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
რას გულისხმობს კანონპროექტი
პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი.
მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
„ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.
ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.
ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.
ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა.
თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება.
შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. სახელმწიფი დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, საქართველოში შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, სიმართლეს არ შეესაბამება.