„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო.
„მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი.
ჩემს ყველა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას, ვისაც პატივს ვცემ, ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მათ შორის, პარლამენტში მოსვლის დღიდან, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ საქართველოს გამთლიანებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენაა. ამიტომაცაა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული“, - წერს დავით სონღულაშვილი Facebook-ის გვერდზე.
პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. მხარდამჭერთა შორის იყო დავით სონღულაშვილი. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.