ანგოლა აცხადებს, რომ სამხედრო დანაყოფს გაგზავნის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში. კონფლიქტის ორივე მხარე - M23-ის სახელით ცნობილი მეამბოხეები და სამთავრობო ჯარები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. ამის შესახებ BBC წერს.
ანგოლის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცები განლაგდებიან ცეცხლის შეწყვეტის დაკვირვების მიზნით განთავსებული მონიტორებისა და იმ ტერიტორიების დასაცავად, რომლებიც მეამბოხე ჯგუფის მიერ არის დაკავებული.
„ამბოხებულებთან ბრძოლაში დასახმარებლად, კონგოს მთავრობა ანგოლის ჯარების ჩასვლას მიესალმება. მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ეს უფრო ფართო საერთაშორისო კონფლიქტად იქცეს. 20 წელზე მეტი ხნის წინ, სულ მცირე, აფრიკის რვა ქვეყნის არმია იბრძოდა ომში აღმოსავლეთ კონგოში, რომელიც ცნობილია როგორც - "აფრიკის მსოფლიო ომი", კონლფიქტმა უზარმაზარი ტანჯვა მოუტანა მშვიდობიან მოსახლეობას“, - წერს BBC.
აჯანყებულებმა, რომლებსაც გავრცელებული ინფორმაციით, რუანდა უჭერს მხარს, განაცხადეს, რომ რამდენიმე დატყვევებული სოფლიდან უკან დაიხევდნენ.
გაეროს ცნობით, კონფლიქტმა გასულ თვეში 300 000 ადამიანი აიძულა, რომ საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
ორგანიზაციისთვის ცალკე შეშფოთებას იწვევს ამ ფონზე გამწვავებული ჰუმანიტარული კრიზისი.
ევროკავშირმა რეგიონის დედაქალაქ გომაში დასახმარებლად მისია ახლახან დაიწყო და განაცხადა, რომ ჰუმანიტარული სააგენტოები გადატვირთულია.