„რომ დამკვიდრდეს სასუფეველი ჩვენში, ამისთვის უნდა შევისმინოთ, დავუჯეროთ ჩვენს ეკლესიას“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდი მარხვის მეორე კვირის ქადაგებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ადამიანი შექმნილია იმისთვის, რომ მიიღოს ეს ენერგია, ეს მადლი ღვთისა, ფერი იცვალოს ამით, როგორც იცვალა ფერი უფალმა იესო ქრისტემ თაბორის მთაზე და განიღმრთოს.
„აი, ეს არის განღმრთობა. აი, ეს საოცარი სწავლებაა. თუ გახსოვთ, პეტრე მოციქული როგორ ამბობს ამ საკითხის შესახებ, რომ: „უფალი იესო ქრისტეს საღვთო ძალამ ყველაფერი მოგვცა იმისთვის, რათა ღმერთის ბუნების თანაზიარნი გავხდეთ“, პალამას მოწინააღმდეგენი კი როცა ამბობდნენ, რომ ეს არის შექმნილი რეალობა, ქმნილება, ამით ამბობდნენ, რომ ჩვენსა და ღმერთს შორის არის რაღაც გადაულახავი უფსკრული, ან შუალედური რგოლი, რომლითაც უფალი ურთიერთობს ჩვენთან. ე.ი. არა უშუალოდ ურთიერთობს ჩვენთან და გვეხება, არამედ რაღაც შექმნილი საგნის თუ რეალობის მეშვეობით.
წმინდა გრიგოლმა კი გამოთქვა, რომ უფალი თავად გვეხება ჩვენ, თავად შემოდის ჩვენს სულში მისი ენერგიის, მისი მოქმედების მეშვეობით.
და აი, დიდი მარხვის დროს, როცა ჩვენ უმეტესად ვფიქრობთ ჩვენს ცოდვებზე, ჩვენს დაცემულობაზე, რამაც შეიძლება ძალიან დაგვამწუხროს, წმინდა ეკლესია გვახსენებს, რამდენად დიადია ჩვენი მოწოდება და დანიშნულება და როგორ არის ჩაფიქრებული ადამიანი ღვთის მიერ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სიხარული.
რა არის ეს უდიდესი სიხარული? - ის, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს ღმერთშემოსილი, არა სიმბოლურად, არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ ჭეშმარიტად და ნამდვილად გახდეს ღმერთშემოსილი, იმიტომ, რომ გახდეს თანაზიარი საღვთო ბუნებისა.
გილოცავთ ამ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ამ საოცრებას, რაც მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რასაც გვმოძღვრავს ჩვენ წმინდა ეკლესია, და ინებოს უფალმა, ჩვენი ცხოვრება წარვმართოთ ისე, რომ განხორციელდეს ჩვენში ეს დიდი მოწოდება, ეს თანაზიარება ღვთისადმი.
როგორ უნდა განხორციელდეს ეს ადამიანში? - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევისმენთ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, იმიტომ რომ არცერთ სხვა სარწმუნოებასა და ეკლესიაში მსგავსი სწავლება არ არის ღმერთისა და ადამიანის, ღვთის მადლის შესახებ.
და ეს თანაზიარება ღვთისა არის სწორედ ის, რაზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე, რომ „სასუფეველი ღვთისა თქვენშია“. რომ დამკვიდრდეს სასუფეველი ჩვენში, ამისთვის უნდა შევისმინოთ, დავუჯეროთ ჩვენს ეკლესიას, როგორც ჩვენს მშობელ დედას, რომელიც აუცილებლად წარგვიძღვება ჩვენ და მიგვიყვანს ამ დიდ სიხარულამდე და ბედნიერებამდე, რაც გამოთქვა წმინდა გრიგოლ პალამამ, რომ „ჩვენ ვართ თანაზიარნი საღვთო ბუნებისა“, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე, ამინ!", - აღნიშნა მეუფე შიომ.