ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მარტვილში, დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შუახნის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.
სასამართლო პროცესზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებდა. თავის მხრივ, დაცვის მხარის განმარტებით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს. ადვოკატი გვანცა შელია ითხოვდა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გატარებულიყო.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები შეშის ნაჭრით აქვს მიყენებული.