კვლევა: 2022 წელს უკრაინა მსოფლიოში, იარაღის სიდიდით მესამე იმპორტიორი გახდა

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ახალი კვლევის თანახმად, გასული წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მიერ გაწეული სამხედრო დახმარების შედეგად, უკრაინა 2022 წელს მსოფლიოში იარაღის სიდიდით მესამე იმპორტიორი გახდა. 

ინსტიტუტის მონაცემებით, ევროპული იარაღის იმპორტი 47%-ით გაიზარდა 2013-2022 წლებში „რუსეთსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის გამო“.

SIPRI-ს ცნობით, შეერთებული შტატების წილი იარაღის ექსპორტში გაიზარდა 33-დან 40%-მდე, ხოლო რუსეთის წილი 22-დან 16%-მდე დაეცა.

8 მარტს ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები სტოკჰოლმში შეთანხმდნენ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდაზე, მაგრამ ჯერ არ მიუღიათ კონკრეტული და ოფიციალური გადაწყვეტილება.