უკრაინელმა სამხედროებმა ესპანეთში Leopard-ის ტიპის ტანკებზე ოთხკვირიანი წვრთნები დაასრულეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
ექვს ასეთ ტანკს მადრიდი უკრაინას ამ გაზაფხულზე გადასცემს.
ესპანური მხარის თქმით, უკრაინელი სამხედროები სახლში მნიშვნელოვანი გამოცდილებით ბრუნდებიან.
სულ 40 სატანკო ეკიპაჟის წევრმა და 15 მექანიკოსმა გაიარა წვრთნა ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ სარაგოსის სამხედრო ბაზაზე.
გასულ თვეში ესპანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard-ის ტიპის ტანკების მიწოდებას აპირებდა და ეს რიცხვი შესაძლოა, 10-მდე გაიზარდოს.
NATO-ს სხვა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, პოლონეთმა და პორტუგალიამ ასევე განაცხადეს, რომ უკრაინას სულ 48 ასეთ ტანკს მიაწვდიან.