განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, აჭარის რეგიონში სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 286 241 მ3 ინერტული მასალა, რომლის რეალიზაციის შედეგად, ჯამში მიიღო 431 916 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი.

გარდა აღნიშნულისა ბრალდებული, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 316 653 ლარის გადახდას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.