სომხეთი არ ტოვებს ОДКБ-ს, თავად ორგანიზაცია ტოვებს სომხეთს - ფაშინიანი

სომხეთი არ ტოვებს CSTO-ს, თავად ორგანიზაცია ტოვებს სომხეთს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, როდესაც სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა გენერალური მდივნის პოზიციაზე.
 
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ CSTO-ს გენერალურმა მდივანმა 2022 წელს განუცხადა მას, რომ ორგანიზაციაში არსებობს შეშფოთება, რომ სომხეთმა შეიძლება, დატოვოს ორგანიზაცია. 
ფაშინიანმა თქვა, რომ მას ეს კომენტარები შეუსაბამოდ მიიჩნია და მდივანს გადასცა სომხეთში არსებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ თავად CSTO შეიძლება, გავიდეს სომხეთიდან.

 ერევანმა უარი თქვა 2023 წელს დაგეგმილ CSTO-ს წვრთნებში მონაწილეობაზე. როგორც მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, არსებულ ვითარებაში სომხეთის ხელისუფლება წვრთნების ჩატარებას „შეუსაბამოდ“ მიიჩნევს.

ახლახან კი სომხეთმა დათმო CSTO-ს გენერალური მდივნის მოადგილის კვოტა.

„ჩვენ გავუგზავნეთ შესაბამისი წინადადება CSTO-ს“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.