საგარეო უწყება: ირანის  საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო დაწესებულების ინფორმაციით, 30 იანვარს ირანის საზღავრზე გაჩერებული კიდევ 7 სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი გამოუშვეს.

ამის შესახებ Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების საკითხთან დაკავშირებით, ირანულ მხარესთან ინტენსიური მუშაობა გრძელდება.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს კონსულმა, გიორგი სახლთხუციშვილმა შეხვედრა გამართა ტრანზიტისა და საერთაშორისო გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების სამშობლოში დროულად დაბრუნების შესაძლებლობები და აღნიშნული პრობლემის სწრაფად აღმოფხვრის გზები.

აღსანიშნავია, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლობა რჩება მუდმივ კავშირზე მძღოლებთან და ინფორმირებულია მათი მდგომარეობის შესახებ, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებთან. აღსანიშნავია რომ საზღვარზე შეჩერებული მანქანების ეტაპობრივი გამოშვება ირანულმა მხარემ გასულ კვირას დაიწყო.