რუსული თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე აშშ-ის უპილოტო საჰაერო ხომალდს შეეჯახა

ორმა რუსულმა სუ-27 თვითმფრინავმა სახიფათო და არაპროფესიონალური მანევრი ჩაატარა აშშ-ის საჰაერო ძალების სადაზვერვო უპილოტო MQ-9 ტიპის თვითმფრინავთან, რომელიც დღეს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, შავი ზღვის თავზე მოქმედებდა. ამის შესახებ Europetime-ს შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მისივე ცნობით, „დაახლოებით 7:03 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით), ერთ-ერთი რუსული სუ-27 ტიპის თვითმფრინავი MQ-9-ის პროპელერს დაეჯახა, რამაც შეერთებული შტატების ძალები აიძულა, MQ-9 საერთაშორისო წყლებში ჩაეშვა.

„შეჯახებამდე რამდენჯერმე, სუ-27 ტიპის თვითმფრინავიდან MQ-9-ს საწვავი გადმოასხეს და მის წინ დაფრინავდნენ უგუნური, არაკეთილსინდისიერი და არაპროფესიონალური მანევრით. ეს ინციდენტი უსაფრთხოებისა და არაპროფესიონალიზმის გარდა, კომპეტენციის ნაკლებობასაც ადასტურებს“, - განაცხადა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა.

მისივე თქმით, „ფაქტობრივად, რუსების ამ საფრთხის შემცველ და არაპროფესიონალურ ქმედებას თითქმის ორივე თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოჰყვა“.

„აშშ და მოკავშირეთა თვითმფრინავები გააგრძელებენ ოპერირებას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და მოვუწოდებთ რუსებს, მოიქცნენ პროფესიონალურად და უსაფრთხოდ", - განაცხადა ჰეკერმა.

მისივე შეფასებით, რუსული ავიაციის ეს აგრესიული ქმედებები საშიშია და შეიძლება, გამოიწვიოს არასწორი გათვლები და გაუთვალისწინებელი ესკალაცია.

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა აშშ-ის პრეზიდენტს ინციდენტის შესახებ აცნობა.

კირბიმ აღნიშნა, რომ ხსენებულ სივრცეში მსგავსი ინციდენტები უჩვეულო არ არის და რომ ბოლო კვირებში მსგავსი ინციდენტები დაფიქსირდა.

მისი თქმით, ამ შემთვევაში მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რაოდენ „არაუსაფრთხო, არაპროფესიონალური და უგუნური“ იყო რუსეთის ქმედებები.