საქართველოში ვაქცინას სამი ქალაქის 10-მდე კლინიკაში შეინახავენ

ჯანდაცვის სამინისტრო აზუსტებს იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც კორონავირუსის ვაქცინა პირველ ეტაპზე გადანაწილდება. კლინიკების სრულყოფილი სია ჯერ არ არსებობს და გეგმა დამუშავების პროცესშია. თუმცა, ცნობილია, რომ პრეპარატს სამი ქალაქის 10-მდე კლინიკაში შეინახავენ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, განაცხადა რომ ის კლინიკები, სადაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მოხდება, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

"10 კლინიკა იქნება ის რაოდენობა, რაც ჩვენ გვჭირდება. აქ საუბარია, პირველ რიგში, იმაზე, რომ კლინიკას უნდა ჰქონდეს გადაუდებელ დახმარებაში ნებართვა, ასევე, უნდა ჰქონდეს იმუნიზაციის საქმიანობის შესახებ წარსულში გამოცდილება და, ასევე, შეტყობინება, რომ ეს არის მაღალი რისკის საქმიანობა. რეგულირების სააგენტოში უნდა იყოს ასეთი შეტყობინება გამოგზავნილი და, არის უკვე სპეციფიკური მოთხოვნები: ადგილზე სულ მცირე, 3 ბრიგადა მაინც უნდა იყოს მობილიზებული, პაციენტთა ნაკადები უნდა გაიყოს, ისინი უნდა შევიდნენ სხვა შესასვლელებიდან; სამედიცინო პერსონალის კონტიგენტს, რომელიც მივა ასაცრელად, უნდა დახვდეს ცალკე, იზოლირებული შესასვლელი. ასევე, ინფექციის კონტროლის პირობების დაცვით, ცალკე მოსაცდელი სივრცე, სადაც ათამდე ადამიანი მაინც უნდა დაეტიოს და, ასევე, უნდა იყოს მომზადებული აცრის შემდგომი დაყოვნების სივრცეები," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.