15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართული არტილერიის 30 წლის იუბილე აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
„ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადებში არტილერისტებს იუბილე სარდლობების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალებიც. სამხედრო მოსამსახურეებს უმწიკვლო სამსახურისთვის და უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლები, საპატიო სიგელები და სამახსოვრო დაფები გადასცეს.
მე-5 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე ღია კარის დღეც გაიმართა. თბილისის კერძო სკოლების მოსწავლეებმა ქვედანაყოფში არსებული საარტილერიო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. არტილერიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.