მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის თქმით, ხელისუფლება რუსეთს საშუალებას არ მისცემს, ბუნებრივი აირის მიწოდება ზეწოლისთვის გამოიყენოს.
მისივე განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, მოლდოვამ რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება შეამცირა.
2022 წლის დეკემბრიდან დღემდე, რუსული გაზი მოლდოვის გავლით მხოლოდ ოკუპირებულ დნესტრისპირეთს მიეწოდებოდა.
„მოლდოვა ახლა ბუნებრივ აირს ძირითადად რუმინეთის გავლით იღებს“, - განაცხადა მინისტრმა.
მოლდოვა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრითა და მის საზღვრებში პრორუსი სეპარატისტების არსებობით დაზარალდა. პროევროპული პრეზიდენტის, მაია სანდუს ხელმძღვანელობით, მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ადანაშაულებს. სეპარატისტულ რეგიონში 1500 რუსი სამხედროა განთავსებული.
გაზის დამატებითი მარაგების შესაქმნელად, გასულ წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] მოლდოვას 300 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოუყო.