„რუსეთის შეჭრამ 2008 წელს საქართველოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყოფნამ ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გაყო ქვეყანა, გაყო ოჯახები, შეზღუდა წინაპრების მიწაზე და წმინდა რელიგიურ ადგილებზე წვდომა“, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ისევე, როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად.
„ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.