ვიცით, რომ არის კიბერთავდასხმები და გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ, თავი დაიცვას კიბერთავდასხმებისგან. ვიცით, რომ ადგილი ჰქონია საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციებს, ასევე ყოფილა საქართველოს პოლიტიკური გარემოს დამძიმების მცდელობები და, რა თქმა უნდა, იყო დიდი რაოდენობით პროპაგანდა, აქედან გამომდინარე, გვსურს მხარი დავუჭიროთ თავისუფალ მედიას, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს, შეინარჩუნოს ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას იმ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა, რომლის დასაძლევადაც ოფიციალურმა ლონდონმა საქართველოს ფინანსური დახმარება გამოუყო.
მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესში და ამ ორგანიზაციებთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში.
- „ახლახან დავბრუნდი ადგილიდან, სადაც მოვინახულე საზოგადოება, რომელიც ორად არის გაყოფილი. რუსული ჯარი ხეობის ერთ მხარესაა, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლი,ა დავინახოთ რუსული ჯარის ფიზიკური წარმომადგენლობა აქ, საქართველოში.
იმგვარ კონფლიქტს, რა თქმა უნდა, აღარ ვხედავთ, როგორც ეს წინა წლებში იყო, თუმცა საქართველო არის ჰიბრიდული თავდასხმის სამიზნე. ჩვენ ვიცით, რომ არის კიბერ თავდასხმები და გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ, თავი დაიცვას კიბერთავდასხმებისგან.
ვიცით, რომ ადგილი ჰქონია საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციებს, ასევე ვიცით, რომ ყოფილა საქართველოს პოლიტიკური გარემოს დამძიმების მცდელობები და, რა თქმა უნდა, იყო დიდი რაოდენობით პროპაგანდა.
აქედან გამომდინარე, ჩვენს გვსურს, მხარი დავუჭიროთ თავისუფალ მედიას, გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, შეინარჩუნოს ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, ვგეგმავთ დავეხმაროთ მას კიბერ თავდასხმებისგან თავდაცვაში და ასევე ვაპირებთ, გავაგრძელოთ, დავეხმაროთ მას ევროპასთან, ევროკავშირთან და NATO-სთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნების გზაზე“,- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პირველმა დიპლომატმა.
„მე განვიხილე მედია თავისუფლების მნიშვნელობა, აღვნიშნე, რომ ეს თავდაჯერებული ხელისუფლების ნიშანია და ეს არის მაღალფუნქციური დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ თქვენ გქონდეთ კონკურენტული პოლიტიკური ლანდშაფტი, თავისუფალი, სამართლიანი და ღია საზოგადოება, რომ მედია თავისუფლება მნიშვნელოვანია.
ეს არის ის საკითხები, რომლებიც განვიხილეთ. სწორი არ იქნება ჩემი მხრივ კონკრეტული პირების საქმეებზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ მე აღვნიშნე, რომ დამოუკიდებელი სასამართლო, გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესი არის ის, რასაც ყველა სახელმწიფო უნდა ესწრაფოდეს და საქართველომაც უნდა დაუჭიროს ამას მხარი.
გაერთიანებულ სამეფოს სურს ნახოს ძლიერი, ღია, სამართლიანი დემოკრატია საქართველოში, რომელიც სულ უფრო მეტად ინტეგრირებული ხდება მის მეგობრებთან ევროპის მასშტაბით. ჩვენ განვიხილეთ საუკეთესო გზები, რომლითაც ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, რათა ხელი შეუწყოს ინტეგრაციას ევროკავშირში, NATO-ში და გააგრძელოს მუშაობა გაერთიანებულ სამეფოსთან“, - განაცხადა კლევერლიმ IPN-ის ცნობით.