უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.
მისივე თქმით, ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ ერთი რუსი ოფიციალური პირი ოფიციალურად არიან ეჭვმიტანილნი სამხედრო დანაშაულში: „უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში - ათასობით ჩვენი ბავშვის უკანონო გადასახლებაში რუსეთის ტერიტორიაზე“.
„ტერორისტული სახელმწიფოს უმაღლესი ლიდერის ბრძანების გარეშე ასეთი დანაშაულებრივი ოპერაციის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ბავშვების ოჯახებისგან განცალკევება, ნათესავებთან დაკავშირების ყოველგვარი შესაძლებლობის ჩამორთმევა, ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე დამალვა, ეს ყველაფერი აშკარად რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკაა, სახელმწიფო გადაწყვეტილებები, სახელმწიფო ბოროტება, რაც ამ სახელმწიფოს პირველი მაღალი თაბამდებობის პირით იწყება.
მადლობას ვუხდი კარიმ ხანის პროკურატურას და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ყველას, ვინც გვეხმარება სამართლიანობისთვის ბრძოლაში. მადლობელი ვართ პრინციპისთვის და მზადყოფნისთვის, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.