პოლიციამ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ა.ჰ. ქურდობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზიიდან სხვადასხვა ძვირადღირებული სამკაული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ჰ. მომხდარიდან მეორე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.