მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს

"მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს", - აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ინფორმაცია შევიდა, რომ თბილისში, წინანდლის ქუჩაზე, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში ხანძარი იყო.

"ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის მობილიზება. ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე. მეხანძრე-მაშველებმა ერთ-ერთ პალატაში მყოფი ხუთი პაციენტი უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ მათთვის მკურნალობა გაეგრძელებინათ.გამოძახებიდან ნახევარ საათში ხანძარი ლიკვიდირებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია განცხადებაში.