ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილზე: ნორმალურად მეტყველებდა, მწოლიარე მდგომარეობაში დამხვდა

მეტყველება არ უჭირდა, ნორმალურად მეტყველებდა, მწოლიარე მდგომარეობაში დამხვდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მსჯავრდებულ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. 

"მთავარი, რაზეც ჩემი მხრიდან დავუდასტურე არის ის, რომ ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი რაც არსებობს სახალხო დამცველის აპარატში დღემდე, ეს არის კონსილიუმი, ეს არის თვითონ აპარატის ზედამხედველობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული და ჩვენ ამას გავაგრძელებთ.

მიხეილ სააკაშვილი მე რომ შევედი იწვა, მწოლიარე მდგომარეობაში იყო, როდესაც ვესაუბრებოდი, სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. [წონაში დაკლებული არ არის?] რასთან შედარებით, გააჩნია, როგორც შევიდა კლინიკაში იმასთან შედარებით რომ წონაში, დაკლებულია ეს ყველამ ვიცით. მეტყველება არ უჭირდა, ნორმალურად მეტყველებდა", - განაცხადა იოსელიანმა.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.