ქუვეითის ნავთობკომპანიამ ხმელეთზე ნავთობის გაჟონვის შემდეგ „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა. დაშავებულების შესახებ ცნობები ან წარმოების შეფერხება არ დაფიქსირებულა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის დასავლეთში ნავთობის გაჟონვას მოჰყვა, - ნათქვამია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის განცხადებაში.
„გაჟონვის შედეგად დაზიანებები არ მომხდარა და წარმოება არ დაზარალებულა“, - ციტირებს AFP კომპანიის სპიკერს კუსაი ალ-ამერს, რომელიც აღნიშნავს, რომ ტოქსიკური ორთქლი არ დაფიქსირებულა.
მისივე თქმით, ნავთობის გაჟონვა საცხოვრებელ უბნებში არ მომხდარა.
„ჩვენი გუნდი ადგიულზეა გაჟონვის წყაროს დასადგენად და ინციდენტის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ალ-ამერმა. მან ნავთობის გაჟონვის ზუსტი მდებარეობა არ დააკონკრეტა.
ქუვეითი ნავთობის მთავარი მწარმოებელი ქვეყანაა, სადაც მთავრობის შემოსავლების თითქმის 90 პროცენტი ნავთობზე მოდის. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მთავარი წევრი დღე-ღამეში დაახლოებით 2,7 მილიონ ბარელს აწარმოებს.