უკრაინის სასამართლომ რუს ოლიგარქებს სავაჭრო ცენტრ Ocean Plaza-ში წილები ჩამოართვა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი და კიევის სავაჭრო ცენტრ Ocean Plaza-ში რამდენიმე რუს ოლიგარქს წილები ჩამოართვა.

ოლიგარქებს შორის არიან არკადი როტენბერგი, მისი ვაჟი იგორ როტენბერგი, ალექსანდრე პონომარენკო და ალექსანდრე სკორობოგატკო.

მათი აქციები სახელმწიფოს გადაეცემა. 

კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ Ocean Plaza-ს შენობა მაისში დააყადაღა.

როტენბერგი ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრეა. ის 2014 წლიდან, აშშ-ის, 2020 წლიდან, დიდი ბრიტანეთის, ხოლო 2011 წლიდან, უკრაინის სანქციების ქვეშაა.

სკორობოგატკო და მისი ბიზნესპარტნიორი პონომარენკო კი, ნოვოროსიისკის კომერციულ საზღვაო პორტს (რუსეთში ყველაზე დიდი პორტი) ფლობვენ.

სკორობოგატკო უკრაინის სანქციების ქვეშ 2018 წლიდან იმყოფება. ამასთან, პონომარენკო 2022 წლიდან არის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის სანქციების ქვეშ. ისიც პუტინის ახლო თანამოაზრედ ითვლება.

22 თებერვალს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა რეზოლუცია რუსეთის ყველა ფინანსურ ინსტიტუტზე სანქციების დაწესების შესახებ. შემოთავაზებული ეკონომიკური სანქციების თანახმად, რუსეთში მდებარე ყველა ფინანსურ ინსტიტუტს, მათ შორის ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს, გადახდის სისტემებს, საინვესტიციო ფონდებს, არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციებს და სხვებს, უკრაინაში ბიზნესის კეთება აეკრძალება.