ბლინკენი სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტზე: ჩინეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში, აჩვენებს ჩინეთის განზრახვას ერთგვარად დიპლომატიურად გადაფაროს რუსეთის მიერ „უკრაინაში ჩადენილი სისასტიკე“, იმის ნაცვლად, რომ ეს სისასტიკე დაგმოს.

სი ძინპინი რუსეთში მიემგზავრება მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა, რაც ბლინკენის შეფასებით, იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას, კრემლი გახადოს ანგარიშვალდებული უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის.

თუმცა, ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის სამშვიდობო წინადადების „ელემენტები“ შეესაბამება იმ ძალისხმევას, რომელსაც აშშ დაუჭერს მხარს.

„ჩინეთის წინადადება მოიცავს ელემენტებს, რომლებსაც ჩვენ დიდი ხანია, ვუჭერთ მხარს, მათ შორის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და, მართლაც, პირველი ელემენტი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას მოითხოვს“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, „რომელიც არ მოიცავს რუსული ძალების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან, ფაქტობრივად ხელს შეუწყობს რუსეთს, რადგან ის „მისცემს საშუალებას პრეზიდენტ პუტინს, დაისვენოს და განაახლოს თავისი ძალები, შემდეგ კი განაახლოს ომი. რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელ დროს“.