საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა უმასპინძლა.
„თავდაცვის მინისტრმა, ევროკავშირის წევრ და პარტნიორ 45 ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან ერთად, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ზოგადად, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული სტრატეგიული გამოწვევები განიხილა.
„შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმი“ ევროკავშირის „სტრატეგიული კომპასის“ ფარგლებში პირველად ჩატარდა და მიზნად ისახავდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას. ღონისძიებას პოლიტიკოსები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, სამხედრო წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და აზრის ლიდერებიც დაესწრნენ.
შუმანის ფორუმი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, რათა მონაწილეებმა კოლექტიურად შეაფასონ განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტი, ასევე, განიხილონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.