რა წერია ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ

14 მარტს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ორგანომ, ვენეციის კომისიამ, საქართველოს ხელისუფლებას სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, რაც გამორიცხავს „დეოლიგარქიზაციის" მისაღწევად, კონკრეტული პირების სამიზნედ ქცევას.

ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის პოზიციას იმეორებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან.

დოკუმენტის მიხედვით, კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზე გავრცელდება.

დასკვნის თანახმად, „ოლიგარქიზაცია“ პოლიტიკური მანდატის გარეშე პოლიტიკური ძალაუფლების არაგამჭვირვალედ განხორციელების, პარლამენტებზე, მთავრობებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენის ერთობლიობის შედეგია; ასევე, მედიაზე გავლენა ან ფლობა; გადამწყვეტი თუ არა, მონოპოლიური გავლენა მთელ რიგ სფეროებზე, როგორიცაა, ენერგეტიკა, სამთო საკითხები, ნავთობი და გაზი, მეტალურგია, უძრავი ქონება.

ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების ასეთი გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა ძალიან კომპლექსური საკითხია.

ვენეციის კომისიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კონკრეტული კანონმდებლობა, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის ვალდებულება ასევე იყო ევროკომისიის კონკრეტული რეკომენდაცია საქართველოსა და მოლდოვის მიმართ.

  • „მას შემდეგ, საქართველომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ძალიან მჭიდროდ არის დაფუძნებული უკრაინის კანონმდებლობაზე. თუმცა, თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკური მიდგომა“.

კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ დეოლიგარქიზაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სისტემური მიდგომით, რომელსაც აქვს პრევენციული ეფექტი და მიზნად ისახავს მრავალ სფეროს, როგორიცაა, მედიასთან, ანტიმონოპოლიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებთან, გადასახადებთან, ანტიკორუფციულ და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა.

კომისიის შეფასებით, საქართველოს კანონპროექტი ფოკუსირებულია ეგრეთ წოდებულ „პერსონალურ“ (დასჯის) მიდგომაზე, რომელიც ცდილობს ე.წ. „ოლიგარქების“ იდენტიფიცირებას კონკრეტული კრიტერიუმების მეშვეობით, მაგალითად, როგორიცაა, სიმდიდრე, მედიამფლობელობა და ასე შემდეგ. ეს მიდგომა, ვენეციის კომისიის აზრით, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკებს, რაც პოტენციურად ზიანს აყენებს პოლიტიკურ პლურალიზმს.

კომისია პირის „ოლიგარქად“ დასახელების უფლებამოსილების არა მთავრობაზე, არამედ, სხვა ორგანოებზე გადაცემას უწევდა რეკომენდაციას.


ცნობისთვის, 14 მარტს, ამ დასკვნის გასაჯაროებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიისგან არ არის წინააღმდეგობა, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ წარდგენილი კანონი მიიღოს, თუმცა აქვს რეკომენდაციები, რასაც განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, როგორც გახსოვთ, პოლიტიკურ დისკუსიაში საუბარი იყო ორ საკითხზე. ერთი - რამდენად იყო ეს მართლაც უკრაინული კანონის თარგმანი; და მეორე - ჰქონდა თუ არა საქართველოს კონტექსტით გათვალისწინებული უფლება, რომ მიეღო იგივე კანონი, რაც არის უკრაინაში. ეს ჰგავს იმავე დისკუსიას, რომელიც გვქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. იქაც იგივე იყო, რამდენად იყო ეს ამერიკული და რამდენად ჰქონდა საქართველოს, ამერიკისგან განსხვავებით, უფლება, რომ ასეთი კანონი მიეღო.

ორივე საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს ნამსჯელი. პირველზე, არის თუ არა ეს უკრაინული კანონი, მან თქვა - კი, და ერთადერთი სხვაობა ამ ორ კანონს შორის არის ის, რომ უკრაინის შემთხვევაში რეესტრს აწარმოებს პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში - მთავრობა, რაც გასაგებია, რადგან საქართველოში პრეზიდენტს აქვს სხვა ფუნქციები; მეორე - შეიძლება თუ არა, საქართველომ მიიღოს ასეთი სახის კანონი, ამაზეც აქვს ნამსჯელი და რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ არის. აქვთ რეკომენდაციები შემუშავებული, რომლებზეც ჩვენც გვქონდა საუბარი, როცა ამ პროექტს განვიხილავდით, რომ ტერმინოლოგია იყო უფრო მკვეთრად დასაზუსტებელი.

მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა, უფრო მეტი დეტალიზაცია ამ ტერმინებზე. ასევე, პროცედურული დაცვის მექანიზმები, გასაჩივრების უფლება და ა.შ. ასევე, რაც შეეხება შედეგებს, მისი პროპორციულობის უზრუნველყოფა. არის კონკრეტული რეკომენდაციები, რასაც განვიხილავთ და ამის შესაბამისად იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 2022 წლის 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.