ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს.
„ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესის მნიშვნელობას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სახით. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევასა და პროგრესს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კონტექსტში.
იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება ასახული შემდგომ გადაწყვეტილებებში“, - აღნიშნავს საგარეო უწყება.
მისივე თანახმად, ევროკომისრისა და დარჩიაშვილის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სექტორული დაახლოების პროცესს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ ჩართულობაზე იმ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებასა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციას.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, მასში საქართველოს ჩართულობას და იმპლემენტაციის პროცესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას“, - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი, მმართველი გუნდი ეცდება, დისკუსია ყველა მონაწილის ჩართულობით გაგრძელდეს და საქართველომ რაც შეიძლება მალე, უახლოეს თვეებში დაასრულოს რეკომენდაციებზე მუშაობა.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ წლევანდელ წელს ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში. ორად არის ვიზიტი გაყოფილი: პირველი ნაწილი ეთმობა ჩემს შეხვედრებს ევროკომისიაში როგორც კომისრებთან, ისე სხვა პასუხისმგებელ პირებთან, ხოლო ვიზიტის მეორე ნაწილი არის საქართველო-ნატო-ს კომისია, რომელიც გაიმართება კვირის მეორე ნახევარში.
დღეს დავიწყე შეხვედრები, მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა გაფართოების საკითხებში კომისართან, ბატონ ვარჰეისთან. ჩვენ ის ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც უკვე გატარდა, რომლებიც უკვე დასრულდა. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მივიღეთ ვენეციის კომისიისგან. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, ამ კონკრეტული რეკომენდაციების გარშემო უკვე პარლამენტში პოლიტიკური პროცესია. მე გადავეცი კომისარს ჩვენი მზაობა, რომ საქართველოს პარლამენტი, მმართველი გუნდი ეცდება, ფართო ჩართულობით, ამ პროცესის ყველა მონაწილის ჩართულობით ეს დისკუსია გაგრძელდეს და საქართველომ რაც შეიძლება მალე, უახლოეს თვეებში დაასრულოს რეკომენდაციებზე მუშაობა“, – განაცხადა მინისტრმა მედიასთან.
შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. ევროკომისიის დასკვნა 17 ივნისს გასაჯაროვდა.