ირაკლი კობახიძე: დამნაშავეებად ცნობა სასამართლოს საქმეა, დაკავების ორდერის გაცემა არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას

„არავის არაფრის ეშინია. 2008 წელს გაგახსენებთ. სჯობდა, მაშინდელ ხელისუფლებას შეშინებოდა ომამდე და არა ომის დროს. შიში არის საჭირო მაშინ, როდესაც უნდა შეგეშინდეს. როცა არ უნდა შეგეშინდეს, მაშინ ხალხს სითამამე უნდა აჩვენო. წინა ხელისუფლება აკეთებდა პირიქით“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის შემდეგ შეკითხვას: „რატომ გეშინიათ, რომ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოთ“.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ისტორიული შედეგი უკრაინაში ომის დასრულება იქნება, ხოლო კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობა სასამართლოს საქმეა.

მისივე განცხადებით, დაკავების ორდერის გაცემა არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბრალდება საკმარისი არ არის.

„დამნაშავის იდენტიფიცირება, რა თქმა უნდა, სასამართლოს საქმეა. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი შეწყდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ომის დასასრულს ვერ ვხედავთ, ყოველი შემთხვევისთვის, ახლო მომავალში, რაც ძალიან მძიმეა. ასეთ ვითარებაში ყველა მშვიდობის უზრუნველყოფაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

ისტორიული შედეგი უკრაინაში ომის დასრულება იქნება, ხოლო კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობა სასამართლოს საქმეა და მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

დაკავების ორდერის გაცემა არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბრალდება საკმარისი არ არის.

არავის არაფრის ეშინია. 2008 წელს გაგახსენებთ. სჯობდა, მაშინდელ ხელისუფლებას შეშინებოდა ომამდე და არა ომის დროს. შიში არის საჭირო მაშინ, როდესაც უნდა შეგეშინდეს. როცა არ უნდა შეგეშინდეს, მაშინ ხალხს სითამამე უნდა აჩვენო. წინა ხელისუფლება აკეთებდა პირიქით. ომის შიში არა მარტო გამართლებულია, არამედ ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.