ერთი მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს, - არასამთავრობო ორგანიზაციები 2-3 და 7-9 მარტს დაკავებული პირების საქმეების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენების პარალელურად, ადგილი ჰქონდა დემონსტრანტების მასობრივ უკანონო დაკავებას. იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას. ამ დროისთვის საქმეთა განხილვა არ დასრულებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს სასამართლოში ეტაპობრივად წარადგენს.
გარდა იმისა, რომ სასამართლოს მიერ ამ დრომდე დაუსაბუთებლად მიღებული დადგენილებები და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ჯარიმების შეფარდება კრიტიკას იმსახურებს, პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს ერთი მხრივ, სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა.
უმეტესად, სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში ან მხოლოდ 1-2 საათით ადრე აწვდიან ამ ინფორმაციას. აღნიშნულ საქმეებს ამ დროს სასამართლოში საქმეთა განხილვაში მონაწილეობს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მორიგე მოსამართლე განიხილავს, რომლის ვინაობაც ხშირად უცნობია და მისი მორიგე მოსამართლის ვინაობის გაგების შემდეგაც კი შეუძლებელია სასამართლოსგან შემადგენლობისგან პროცესის გამართვის დროსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება.
ამ პირობებში, ორგანიზაციების ადვოკატებს, რომლებიც ჩართულები არიან დაკავებული პირების უფლებების დაცვაში, დილიდან გვიან ღამემდე, სამუშაო პირობებისა და სივრცის არარსებობის ფონზე, სასამართლოში უშედეგოდ ლოდინი უწევთ ზოგჯერ რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი მთელი დღის განმავლობაში, რაც სრულიად გაუმართლებელია. ამ პირობებში შეუძლებელია მარწმუნებლის ეფექტიანი დაცვა, ასევე მოწმეთა და სხვა ტიპის მტკიცებულებების დროულად მოძიება და სასამართლოში წარდგენა.
ასევე, შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ ხშირად მთელი დღის განმავლობაში მომლოდინე პირების და მათი ადვოკატების პროცესების სხვა დროისთვის გადადება ხდება, თუმცა, ამაზე სასამართლო მხარეებს ინფორმაციას მხოლოდ მთელი დღის ლოდინის შემდეგ, გვიან ღამით აწვდის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების სასამართლოში წარდგენის თარიღი გონივრული ვადით ადრე აცნობოს მხარეებს;
უზრუნველყონ საქმეში არსებული მასალების მხარეებისთვის დროულად, პროცესის დაწყებამდე გადაცემა.
სასამართლოს:
ორგანიზებულად წარმართოს საქმეთა განხილვა, დროულად გასცეს ინფორმაცია სასამართლო პროცესის თარიღისა და დროის შესახებ და მხარეებს ადვოკატებთან ერთად მისცეს შესაძლებლობა სამუშაო საათების ფარგლებში მიიღონ პროცესებში მონაწილეობა;
ადვოკატებს მისცეს შესაძლებლობა, სათანადო კომუნიკაცია ჰქონდეს მის მარწმუნებელთან, მათ შორის, დაუთმოს შესაბამისი სივრცე შეხვედრისთვის;
მოქალაქეების შუამდგომლობის გათვალისწინებით, საქმეთა განხილვა გადადოს იმ ვადით, რაც საჭირო შეიძლება იყოს მხარისთვის სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისათვის და მისი ეფექტიანი დაცვისთვის,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „უფლებები საქართველო“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „ადამიანის უფლებათა ცენტრ“ი (HRC), „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.