საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებას ისწრაფვის. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრის ფარგლებში, ალიანსმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ რეფორმების გატარების ძალისხმევას და მის მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
მისივე თანახმად, აპრილში მოკავშირეები შეთანხმდნენ, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გაზარდონ; დაეხმარონ მათ, გააძლიერონ თავიანთი ინსტიტუტები და მდგრადობა, განავითარონ შესაძლებლობები და შეინარჩუნონ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ივნისში, მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებმა, ამ სამი ქვეყნის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მორგებულ ზომებს მხარი დაუჭირეს.
- ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო საქართველოზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. ამავე ანგარიშის მიხედვით, NATO-მ უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობისთვის კონკრეტული სტრუქტურები შეიმუშავა. NATO-ს მოკავშირეები ერთგულნი რჩებიან, მხარი დაუჭირონ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრიანებას.
ხსენებული შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ახალ ზომებზე, რათა გააძლიერონ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის.
„ასევე გაგრძელდა უფრო ფართო კოორდინაცია პარტნიორების, განსაკუთრებით, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით“.
„NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობისთვის ალიანსის მთავარი ინსტრუმენტია. 2022 წელს NATO განაგრძობდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თავსებადობის გაუმჯობესებას, მხარს უჭერდა ქვეყნის მომზადებას NATO-ში საბოლოო წევრობისთვის.
მოკავშირეები, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრიანების მხარდაჭერას განაგრძობენ და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2022 წლის მადრიდის სამიტზე. ისტორიული გადაწყვეტილებით, NATO-მ 2022 წელს მიიწვია ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად“, - წერია დოკუმენტში.
„ივნისში, NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უმასპინძლეს სწავლებას - Coherent Resilience 22-Georgia.
2017 და 2021 წლებში უკრაინაში მსგავსი ღონისძიების ჩატარების შემდეგ, ამ წვრთნების მიზანი იყო, მხარი დაგვეჭირა საქართველოს ეროვნული ხელისუფლებისთვის, რათა შეეფასებინათ და გაეძლიერებინათ ელექტროენერგიისა და გაზის სისტემების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ; ასევე, გაეუმჯობესებინათ მათი მზადყოფნა სხვადასხვა საგანგებო სიტუაციისთვის“, - აღნიშნულია იენს სტოლტენბერგის ანგარიშში.