სი ძინპინის თქმით, ჩინეთი დიალოგს უჭერს მხარს და ისტორიის სწორ მხარეს დგას

რუსეთში სი ძინპინის ვიზიტის მეორე დღეს ოფიციალური მოლაპარაკებები გაიმართა. ჩინეთის პრეზიდენტმა და რუსეთის ლიდერმა ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთის გეგმა შეიძლება, მშვიდობიანი დარეგულირების საფუძველი იყოს, როდესაც დასავლეთი და კიევი ამისთვის მზად იქნებიან.

პუტინი სი ძინპინს მეგობარს, ყველა გამართულ დისკუსიას კი წარმატებულს უწოდებს.

„რა თქმა უნდა, უკრაინის გარშემო სიტუაციაც არ დავტოვეთ ყურადღების მიღმა. ვთვლით, რომ ჩინეთის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის ბევრი პირობა ემთხვევა რუსეთის მიდგომებს და სამშვიდობო დარეგულირების საფუძვლად შეიძლება, იყოს მიღებული, როდესაც ამისთვის დასავლეთში და კიევში იქნებიან მზად. თუმცა მათი მხრიდან ასეთ მზაობას ჯერ ვერ ვხედავთ”, - განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პეკინი „უკრაინის სიტუაციაში მშვიდობასა და დიალოგს უჭერს მხარს და პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას“.

სი ძინპინი რუსეთში სამდღიანი ვიზიტით 20 მარტს ჩავიდა.

მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების შესახებ დოკუმენტი გააფორმეს. სი ძინპინის თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააძლიერონ ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა.

ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინი პეკინშიც მიიწვია.

პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სი ძინპინსა და ზელენსკის შორის საუბრის დაგეგმვის შესახებ.