იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა 21 მარტს კიევში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია გამოყოფს 30 მილიონ დოლარს NATO-ს სატრასტო ფონდის მეშვეობით, რათა უკრაინამ არალეტალური იარაღი შეიძინოს.
ტოკიო ასევე გამოუყოფს უკრაინას 470 მილიონი დოლარის საგრანტო დახმარებას ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისა და სხვა ინდუსტრიებისთვის.
იაპონია G7-ის სამიტს მაისში, ქალაქ ჰიროსიმაში უმასპინძლებს. ზელენსკიმ სამიტზე ონლაინ ფორმატში მონაწილეობის მიზნით, მიწვევა მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ორმა ლიდერმა ასევე განიხილა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები.
ზელენსკიმ და კიშიდამ ასევე ისაუბრეს იაპონიის ჩართულობაზე უკრაინის რეკონსტრუქციაში, რომლისთვისაც ტოკიომ 7 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო.
უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიას, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების მიზნით „თანამშრომლობის მზადყოფნისთვის“ მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის დაწყებამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში გაემგზავრა.
იაპონიის ლიდერის ვიზიტი კიევში, დროში ემთხვევა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტს რუსეთში, სადაც მან და ვლადიმერ პუტინმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების პირობა დადეს. ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ „სამშვიდობო გადაწყვეტა“ შესაძლოა, ჩინეთის გეგმას დაეფუძნოს.