ირაკლი კობახიძე: ჩვენ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას

"ჩვენ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

როგორც ცნობილია, "ქართული ოცნება" 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტისგან თავს იკავებს.

"დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა დაუჭირა. შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად, საქართველოს პარლამენტს 51-მა ოპოზიციონერმა მიმართა საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით.

ამ დროისთვის პარლამენტში შესვლას ორი ოპოზიციური პარტიის 6 დეპუტატი დათანხდა. პარტია "მოქალაქეებიდან"- ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და კიდევ ოთხი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.

"ქართული ოცნება" 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.