რომ გითხრათ სპორტზე კამათობდნენ და შეჰყვნენ ერთმანეთს, მოგატყუებთ, უსიამოვნო ინციდენტი იყო , - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპონენტებს შეურაცხყოფის მიყენება გაუადვილდათ, რაც ქართველი ადამიანისთვის მძიმე ასატან-მოსათმენია.
„რომ გითხრათ ახლა სპორტზე კამათობდნენ, შეჰყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს, მოგატყუებთ. უსიამოვნო ინციდენტი იყო, არ არის კარგი ამბავი. გაუადვილდათ ჩვენს ოპონენტებს რაღაცების ლაპარაკი. ისე მიაყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას [სხვას], რაც, განსაკუთრებით, ქართველი ადამიანისთვის, ქართველი კაცისთვის, არის ძალიან მძიმე ასატანი, მოსათმენი. შეიძლება მითხრათ, რომ არსებობს თმენის ვალდებულება, რა თქმა უნდა, დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება, ერთმანეთის გამონათქვამების მიმართ, მაგრამ ეს თმენის ვალდებულება ცალმხრივი ხომ არ არის?! ისეთ სიბინძურეს კადრულობენ - ხოლმე, რაც შეიძლება, ჩვეულებრივ შემთხვევაში, აბსოლუტურად სხვა შედეგებით დასრულდეს.
შეუძლებელია იმის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები რიგ შემთხვევებში კადრულობენ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ ასეთი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატები და „ხალხის ძალის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.