პარლამენტის პირველ სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველს საკუთარი ტელეფონის ნომერი შეახსენა.
როგორც ელისაშვილმა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე განაცხადა „მოქალაქეები“ პარლამენტში შემოვიდნენ იმიტომ, რომ ელექტრონული წესით არჩვენების ჩატარებას მიაღწიონ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები ქვეყნის ისტორიაში.
მისი თქმით, მათი პარტია შეიძლება პატარა და ახლად ფეხადგუმულია, სამაგიეროდ გავლენებისგან თავისუფალია და გადაწყვეტილებებს არცერთი მხარის გავლენით არ იღებს.
„ჩვენ მიგვაჩნია რომ აქ შემოსვლა იყო სწორი. მემორანდუმის გაფორმების და ოთხი პატიმრის გათავალისუფლების შემდეგ. პოლიტიკური პროცესი ხალხის პრობლემების მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს. ჩვენთან ითვლება, რომ თუ ოპოზიციაში ხარ, უნდა გძულდეს ხელისუფლება და თუ ხელისუფლებაში ხარ, უნდა გძულდეს ოპოზიცია და განადგურება გინდოდეს მისი. მაგრამ ჩემი აზრით, ამით იმდენად ვართ 30 წელი გართულები, რომ გვავიწყდება მთავარი. ამ დარბაზში მარტო და ყოველთვის, ბავშვობიდან მოყოლებული, ისმოდა ყველაფერი, მაგრამ ხალხის პრობლემებზე არ ფიქრობდნენ, არ დარდობდნენ. ეს განცდა მაქვს 9 წელია ძვირფასო "ქართული ოცნების" დეპუტატებო. არის ქართული ოცნების რეალობა, არის ნამდვილი ქართული რეალობა. აქეთ არის თავდაუზოგავი ფუფუნების რეალობა ჯიპები, პრემიები, დანამატები, მეორე მხარეს სასოწარკვეთილი ხალხი, უიმედო, უსამართლობის განცდით კრიჭაშეკრული ხალხი, არადა გვაქვს საოცარი ქვეყანა, უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანა და ჩვენ აქ ვართ ზუსტად იმიტომ, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გავხადოთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პირველ სხდომაზე.
მისი თქმით, პარლამენტში არა პრივილეგიების გასაყოფად, არამედ იდეებზე საკამათოდ შევიდა და ახლა უკვე პარლამენტარის რანგშიც გააგრძელებს მოქალაქეების ზარებზე პასუხის გაცემას, როგორც ამას წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკეთებდა.
"მოქალაქეებისთვის ვიმეორებ ჩემი ტელეფონის ნომერს 593 58 40 52.ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, ზოგი მლანძღავს, ზოგი პრობლემებს მიზიარებს, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და სწორი პოლიტიკა ჩემი აზრით, დანარჩენს ვნახავთ, იმედს დავიტოვებ, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასაც ვიხილავთ ამ დარბაზში" - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
"მოქალაქეებმა" დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩვენების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განცხადა. მოგვიანებით ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების და გარკვეული საარჩევნო ცვლილებების შემთხვევაში, პარლამენტში შესვლაზე დათანხმდებოდა. საარჩევნო ცვლილებების შესახებ მემორანდუმი "მოქალაქეებმა" "ქართულ ოცნებასთან" რამდენიმე დღის წინ გააფორმეს.