საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის დელეგაცია კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორის - მაჰმუთ ჩორუმლუს ხელმძღვანელობით ეწვია.
დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ კუპატაძემ უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის რიგით მერვე სხდომა.
ერთობლივი კომისია „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1994 წლის შეთანხმების მე-19 მუხლის საფუძველზეა შექმნილი და ყოველწლიურად, მონაცვლეობით იკრიბება საქართველოში ან თურქეთის რესპუბლიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები, ასევე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის
შემსრულებელი.
შეხვედრის მონაწილეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის სხვა სახეების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ საკითხებზე.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საერთო ძალისხმევითა და ინტენსიური თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებათა შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, სადაც განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.