EBRD-ის პრეზიდენტი ადასტურებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთგულებას, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად და ხელი შეუწყოს ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ ოდილ ღენო-ბასომ ონლაინ-ფორმატში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარისთან შეხვედრისას განაცხადა.
EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას თბილი მიღებისა და ვიზიტის ფარგლებში წარმართული დიალოგის ხარისხისთვის მადლობა გადაუხადა.
„მახარებს ის ფაქტი, რომ EBRD-ის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ჩემი პირველი ვიზიტი საოპერაციო ქვეყნებიდან პირველად საქართველოში ტარდება. ფორმატი ვირტუალურია, რადგან მობილობის შეზღუდვები არსებობს. მაინც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო, შევხვედროდი მთავრობას და ძალიან კარგი თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა.
შეხვედრისას განვიხილეთ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტი საქართველოზე, ქვეყნის გამკლავება ამ უპრეცედენტო გამოწვევასთან და ევრობანკის დახმარება კრიზისის დაძლევასა და ისეთი საფუძვლის შექმნაში, რომელიც მდგრად და ინკლუზიურ ზრდას განაპირობებს.
ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ მიზანდასახულობით, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება გამოხატავს კრიზისის დაძლევის საქმეში. საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ევრობანკის გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება ქვეყნის სამომავლო განვითარების ხელშეწყობაზე.
ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ძალიან ძლიერ საფუძველს, რადგან 2020 წელს ინვესტიციების ჯამურმა ოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - 630 მილიონი ევროს ოდენობის ჯამური ბიუჯეტით 16 პროექტის ფარგლებში, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ხორციელდება არსებულ და ახალ კლიენტებთან პარტნიორობის გზით“, - განაცხადა ოდილ ღენო-ბასომ.
EBRD-ის პრეზიდენტის შეფასებით, ბანკის ინიციატივები მოიცავს მთელ სპექტრს ენერგეტიკიდან ჯანდაცვის სფეროს ჩათვლით, ასევე მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებას, რომლებიც რეალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია.
„ახალი კორონავირუსის პანდემიამ ყველა ქვეყნის ეკონომიკა ჩააგდო უპრეცედენტო მდგომარეობაში. ევრობანკის რეაგირება მყისიერი იყო, რადგან სოლიდარობის პაკეტი შევიმუშავეთ 1 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რათა ჩვენს საოპერაციო არეალში წევრ ქვეყნებს დავეხმაროთ ვირუსის გავლენის დაძლევაში. ამას ძალიან ძლიერი მიზანსწრაფულობით ვახორციელებთ საქართველოში და ჩვენი მიზანია ადგილობრივი ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანა.
სამომავლო საქმიანობის დაგეგმვისას - და სწორედ ეს იყო ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილი - ვისაუბრეთ ევრობანკის ძლიერ პოზიციაზე საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერის გაგრძელების კონტექსტში შემდეგი კომბინაციით: კერძო სექტორის დაფინანსება, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით აქტიური დიალოგი დარგობრივი პოლიტიკის და ინიციატივების ნაწილში.
ჩვენი სამომავლო ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადებისას, რომელშიც აქცენტი გაკეთდება საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ „მწვანე ეკონომიკის“ ხელშეწყობაზე, სოციალურ თანასწორობაზე და სერვისების გაციფრულებაზე“, - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, ევრობანკს პრიორიტეტებად მიაჩნია ქვეყნის კერძო სექტორის შემდგომი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენა, მეტი ინკლუზიურობის უზრუნველყოფა ეკონომიკაში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება, განსაკუთრებით გაციფრულების მიმართულებით.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გრაფიკით გათვალისწინებული ამოცანების ფარგლებში, რომელიც შესანიშნავი ჩარჩო დოკუმენტი, გზამკვლევი და კალენდარია სტრუქტურული რეფორმების ნაწილში.
ამდენად, მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალიან მჭიდრო მუშაობის გაგრძელებას ამ სტრატეგიის შემუშავების დროს.
ევრობანკი მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ინვესტორი და მეგობარი. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ქვეყნის მთავრობას ასეთი თბილი მიღებისთვის და ძალიან ნაყოფიერი დისკუსიებისთვის“, - აღნიშნა ოდილ ღენო-ბასომ.