მაია ცქიტიშვილი: EBRD-ისგან 4 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება მივიღეთ, წლების განმავლობაში

EBRD-ის დაფინანსებით, საქართველოში 200 პროექტი მიმდინარეობს და მათი ჯამური ღირებულება 4 მლრდ ევროს აღემატება, რომელიც საქართველომ EBRD-სგან მიიღო”, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, EBRD-ის დახმარებით, საქართველოს 6 ქალაქისთვის, 175 ავტობუსი ჩამოვიდა და უახლოეს მომავალში კიდევ იგეგმება დამატებითი ავტობუსების ჩამოყვანა.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს EBRD-თან, რომელიც არის ერთ-ერთი ჩვენი დონორი და აფინანსებს, მათ შორის, ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, მათ შორის, ახალი გვირაბის გაყვანასაც. გარდა ამისა, EBRD-ის ნაწილში აღვნიშნავდი რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ეხება რეგიონებში ახალი ავტობუსების შესყიდვას. გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს ნარჩენების მართვის საკითხებში, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ პროექტებისა, რომელსაც EBRD გვთავაზობს. ძალიან აქტიურია EBRD-ის თანამშრომლობა კერძო სექტორთან. მთლიანად, მთელი პორტფელის ნახევარზე მეტი, პრაქტიკულად, კერძო სექტორთან აქვს EBRD-ს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ კომპლექსური თანამშრომლობაა შესაძლებელი, როგორც სახელმწიფო სექტორთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ უკეთესი პროექტები, საინვესტიციო პროექტები აღმოვაჩინოთ, დავაფინანსოთ და შევუწყოთ ხელი, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მხრიდან“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.