ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს.
„გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესებში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა, მათი მოსაზრებების და რეკომენდაციების გაცნობა არსებითად მნიშვნელოვანია. ასევე, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებებისა და გამოწვევების, ასევე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს დეტალურად გააცნო ინფორმაცია, როგორც 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, ისე 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. მან აღნიშნა, რომ 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული და შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით დადებითი მხარეებისა თუ გამოწვევების გამოვლენა და შესწავლა. მისივე თქმით, წელს მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის 2024 წლის არჩევნების კიდევ უფრო მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებისთვის.
დღევანდელ შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.