რუსმა ოკუპანტებმა ნოვა-კახოვკა დატოვეს - უკრაინის გენშტაბი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა-კახოვკა დატოვეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

22 მარტის მდგომარეობით „ოკუპანტების არმიის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა - კახოვკის დასახლებულ პუნქტში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა”.

გენერალური შტაბის განცხადებით, ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამპყრობლებმა პრო-უკრაინული პოზიციების მქონე მოქალაქეების ძებნა დაიწყეს, რისთვისაც დონბასში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეების, სამხედრო პენსიონერების და უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილების მქონე პირების სიებს იყენებენ.

განცხადების თანახმად, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მოწინააღმდეგე ახლა თავდაცვით ქმედებებს აწარმოებს.

გასული წლის ნოემბერში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდგე ამჟამად ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით თავდაცვით მოქმედებებს ახორციელებს.