ორბანის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, უნგრეთი ვლადიმერ პუტინს არ დააკავებს

უნგრეთი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ დააპატიმრებს, თუ ის ხსენებულ ქვეყანაში შევა. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა, გერგელი გულიაშმა განაცხადა, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთს ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვს რომის სტატუტი, რომლის საფუძველზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეიქმნა.

კითხვას დააკავებენ თუ არა პუტინს, თუკი ის უნგრეთში ჩავა, ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა უპასუხა, რომ რომის სტატუტი არ არის ინტეგრირებული უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში.

„ჩვენ შეგვიძლია, დავეყრდნოთ უნგრეთის კანონმდებლობას და ამის საფუძველზე ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის პრეზიდენტის დაკავება“, – განაცხადა გულიაშმა და აქვე განმარტა, რომ უნგრეთის მთავრობას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით.

„ეს გადაწყვეტილებები ყველაზე ხელსაყრელი არ არის, რადგან მათ უფრო მეტ ესკალაციამდე მივყავართ და არა მშვიდობისკენ, ეს არის ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრება“, - განაცხადა ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა.