"ამ დროის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ არ არსებობს ძალა, ადამიანი და პოლიტიკური ჯგუფი რომელსაც შეუძლია ჩვენზე გავლენა მოახდინოს და გაგვაკეთებინოს ის, რისიც მართლა არ გვჯერა და რაც არ მიგვაჩნია ამ ქვეყნისთვის უკეთესად", - ეს განცხადება პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა თეა წულუკიანის საპასუხოდ გააკეთა.
ლევან იოსელიანმა თეა წულუკიანს მოუწოდა, რომ სხდომათა დარბაზში საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაცხადოს.
„ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს. კარგი იქნება, თუ თქვენს ნომერს გამოგვიცხადებთ და მოისმენთ იმ ადამიანების სატკივარსა და წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ვინც იმისთვის უყურებს ამ ეკრანს და ელოდება, რომ მათ პრობლემებსა და სიღარიბეზე იქნება საუბარი. კარგი იქნება თუ თქვენს ნომერს მართლა გამოაცხადებთ. ამაზე მიდის შეჯიბრი, ალეკომ თავის ნომერი დადო, გვარამიას ნომერი უკვე ყველას აქვს. თეა წულუკიანის ნომერიც თუ ექნება, იქნება მხოლოდ კარგი“, - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტის პირველ სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველს საკუთარი ტელეფონის ნომერი შეახსენა.
ელისაშვილის საპასუხოდ კი თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერიც გამოაცხადა.