ანალენა ბერბოკი თბილისში: ზოგიერთი აქტორი არ არის აღფრთოვანებული, რომ რომელიმე ქვეყანას ევროკავშირის წევრობა სურს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის მხარესაა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღირებულებებს, რასაც ქვეყანა ეფუძნება და იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. 

პრესკონფერენციაზე ბერბოკს ჟურნალისტმა, ვიზიტამდე გაკეთებული განცხადების განმარტება სთხოვა, რომლის თანახმად, „ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს“.

„მე ჩამოვედი საქართველოში, რათა ხაზი გავუსვა, რომ არამხოლოდ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ, მეგობარი ამ ქვეყნის, მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას - განსაკუთრებით იმ მოვლენებზე, რაც რთულია მხარდასაჭერად.

მეგობრობა არ არის მხოლოდ კარგი ამინდი, რომლის ფონზეც დაჯდები და რაღაც გაგიხარდება, რაღაცას აღნიშნავ, მაშინაც უნდა მოხდეს ეს, როდესაც ქარიშხალი ამოვარდება.

ევროკავშირი, საქართველო და გერმანია ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველო ევროკავშირამდე მივიდეს. გზა ევროპის კავშირისკენ ნიშნავს, რომ სარეფორმო ნაბიჯები ერთობლივად უნდა გადაიდგას.

ყველაფერი ვარდისფერი და ლამაზი არ არის. თქვენ ეს ბევრად უკეთ იცით. არიან აქტორები, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებულნი იმით, რომ რომელიმე ქვეყანას ევროპის კავშირის წევრობა სურს. არამხოლოდ რუსული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ... არამედ,მანამდე განვლილი წლები, როდესაც სახელმწიფოები რუსეთის სამეზობლოში ღიად საუბრობდნენ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რუსეთი ამას ტაშს არ უკრავდა, არ იყო ამით აღფრთოვანებული. ეს მარტივი გზა არ არის, აუცილებელია რეფორმების განხორციელება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ბერბოკმა რუსეთთან შესაძლო ფრენების აღდგენაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

მისი თქმით, მკაფიო სიგნალი იყო, რომ საქართველომ გასული წლების განმავლობაში მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც ცალსახად ამბობს, ვინ არის აგრესორი - ეს არის რუსეთი, ვინ არის მსხვერპლი - ეს არის უკრაინა. როგორ გამოიყურება სამშვიდობო გეგმა - ეს არის რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. 

„საქართველოს გადმოსახედიდან, ეს არის რეალობა, რომ რუსეთი უხეშად, პერმანენტულად არღვევს გაეროს ქარტიას. მეზობლებისთვის ეს უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე გეოგრაფიულად სხვაგან მდებარე ქვეყნებისთვის.

თუ გინდა გახდე ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების პოლიტიკაში უნდა ჩაერთო და ევროკავშირის გადმოსახედიდან, 12 პრიორიტეტია შესასრულებელი და საქართველოს მთავრობამ და ქართველებმა ზუსტად და მკაფიოდ გამოხატეს, გაუგზავნეს გზავნილი მსოფლიოს - სად დგანან“, -  განაცხადა ანალენა ბერბოკმა.